რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და სიას რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი ჩაამატა, რომელთა შორის არიან როგორც ჟურნალისტები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლები, ასევე, კონკრეტული მედიასაშუალებები.
დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ცნობით, რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს:
- ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი;
- ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკატერინა დუნცოვა;
- მობილიზებულთა ცოლების დაფუძნებული მოძრაობა „გზა შინისკენ“;
- მოძრაობის — „გზა შინისკენ“ — წევრი მარია ანდრეევა;
- ინტერნეტგამოცემა Sota;
- Sota-ს ფოტოგრაფი პაველ ივანოვი (ფსევდონიმი Partisan);
- პროექტი „რესპუბლიკა“.
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში არაერთი ცვლილება შევიდა, რაც შეეხო კერძო პირებს, მედიასაშუალებებს და ა.შ. ეს კანონი პუტინის რეჟიმის ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ. კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე შეზღუდა კონკრეტული ადამიანები. კანონი ამჟამად უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
მსგავსი სულისკვეთების კანონი საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს საბოლოოდ მიიღო მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად.