პარლამენტმა დაძლია ვეტო ე.წ. ოფშორების შესახებ კანონზე.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 64 იყო. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია, კენჭი ხელახლა უყარეს კანონის თავდაპირველ ვერსიას. საბოლოოდ, კანონი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი.
“ოფშორების კანონი” არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათების დაწესებას იმ ოფშორული კომპანიებისთვის, რომლებიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანენ:
შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.
ცვლილებების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს კეთდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამ ინიციატივას ინვესტიციების მოზიდვის სურვილით ხსნიან.
ამავე თემაზე: