პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონების ოფშორებიდან გადმოტანას ემსახურება.
„ბიძინა რა შუაშია საერთოდ?! დაბნელებული გაქვთ თვალები? კანონზე ვსაუბრობთ, ბიძინა რა შუაშია“ — განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.
კვიჟინაძე მანამდეც ამბობდა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ არის დაკავშირებული ივანიშვილთან: „მაგრამ რომც იყოს, რა? ცუდი რა არის?“ — კითხულობდა ის.
კომიტეტის შემდეგ, პრეზიდენტის ვეტო პლენარულ სხდომაზეც უნდა განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.
საგადასახადო კოდექსში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს.
შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.