ახალი ამბებისაზოგადოება

„მეზობელ სოფელში ველოსიპედით მივდივარ, იქიდან ოზურგეთამდე რამეს რომ გავყვე“ – მოქალაქე

29 მაისი, 2024 •
„მეზობელ სოფელში ველოსიპედით მივდივარ, იქიდან ოზურგეთამდე რამეს რომ გავყვე“ – მოქალაქე

18 წლის თაზო ჯოჯუა ოზურგეთში, სოფელ მზიანში ცხოვრობს. იმისთვის, რომ სოფლიდან ოზურგეთში ჩავიდეს, ჯერ ველოსიპედით გადის რამდენიმე კილომეტრს მეზობელ სოფლამდე, შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსით მიდის ოზურგეთში.

თაზო სკოლის მოსწავლე და სამოქალაქო აქტივისტია. სურვილის მიუხედავად, ხშირად ვერ ესწრება ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ოზურგეთში საღამოობით იმართება, რადგან მერე სახლში დაბრუნებას ვერ შეძლებს.

„სოფელ მზიანში წლებია არ გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქთან, ცენტრთან დაკავშირების საშუალება.

ჩვენ, ახალგაზრდები კიდევ ვახერხებთ მომიჯნავე სოფლებში გადასვლას და იქიდან წასვლას, მაგრამ სოფელში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მოხუცებული და პენსიონერია, აუცილებელია არსებობდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში ბევრი მცხოვრები არაა, კერძო პირებს აქ სამარშრუტო ხაზის გაკეთების ინტერესი არ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობაა“, – ამბობს თაზო და ამატებს: „თუ გვინდა გვქონდეს ისეთი სოფელი, სადაც ახალგაზრდებიც ისურვებენ ცხოვრებას, აუცილებელია გვქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.

„მუნიციპალური ტრანსპორტის საზოგადოებრივი მონიტორინგი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც „გურიის სამოქალაქო ცენტრი“ ახორციელებს.

ცენტრის თანამშრომელმა, ნონა გარგანჯიამ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მოიარა და სათითაოდ გამოჰკითხა სოფლების მცხოვრებლები, რა პრობლემები ჰქონდათ და რისი გადაჭრა სჭირდებოდათ.

„დაახლოებით 140 ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ. მათთან საუბარში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ არის სოფლები, საიდანაც საერთოდ არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს რაიონულ ცენტრამდე, ამ შემთხვევაში ოზურგეთამდე მიიყვანს.

ასევე არის ტერიტორიულად დიდ ფართობზე გაშლილი დაბები. ტრანსპორტი დადის დაბის ცენტრიდან, არ შედის უბნებში და ადგილობრივებს მაინც კილომეტრების გავლა უწევთ ფეხით.  პრობლემაა ტარიფებიც. ზოგან 2,50 ლარი ღირს ერთი ადამიანის მგზავრობა ერთი მიმართულებით, ზოგან- 3,50 ლარი. ქალაქში, ოზურგეთში რომ ჩამოვიდეს ადამიანი ამ თანხის გადახდა უწევთ, რაც მათთვის ძალიან ძვირია“,- ამბობს ნონა გარგანჯია.

ნონა გარგანჯია მოსახლეობის გამოკითხვაზე გურიის სოფლებში

ოზურგეთის სოფლებში მცხოვრებთა პრობლემების შესასწავლად კვლევის ჩატარება საიას დახმარებით გახდა შესაძლებელი.

„მეხუთე კლასიდან ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომლებსაც გურიის სოფლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა. ვცდილობ ხელი შევუწყო ჩვენს თემში ცვლილებებს.

ეს ცვლილებები ადგება ამ თემის მოსახლეობას და აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს არ არის არავის გავლენა და არ შეიძლება ითქვას, რომ უცხო ძალის გამტარები ვართ.

რომ არა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ ძალიან ბევრ საშუალებას დავკარგავდით. განსაკუთრებით იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სოფლები, თემები, ყოველთვის ახსოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან გული შესტკივათ, ადარდებთ და ზრუნავენ ჩვენს განვითარებაზე“ ,- ამბობს თაზო ჯოჯუა, სოფელ მზიანის მკვიდრი.

„გურიის სამოქალაქო ცენტრი“ სწორედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომლითაც მუნიციპალიტეტის სოფლებში საჯარო ტრანსპორტის მუშაობას შეისწავლის.

„სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის საშუალებითაც საიამ „გურიის სამოქალაქო ცენტრისათვის“ მცირე საგრანტო დაფინანსება გამოყო.

„არასამთავრობოების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, მთლიანად საქართველოში და ოზურგეთშიც რასაც მივაღწიეთ, არ იქნებოდა მიღწეული ამ დონემდე.

მათი დახმარებით ძალიან ბევრი პროექტი ჩაგვიტარებია საზოგადოების გააქტიურებაზე. ადვოკატირების კამპანიები ჩაგვიტარებია და მიგვიტანია მუნიციპალიტეტამდე ის საჭიროებები, რაც აწუხებდა მოსახლეობას“, – ამბობს ნონა გარგანჯია.

საიას მიერ მხარდაჭერილი პროექტი ორი ნაწილისგან შედგებოდა.

„პირველი ეტაპი იყო კვლევის ჩატარება, რა საჭიროებები აქვს სოფლებს, ხოლო მეორე ეტაპი, თუ რას აკეთებს მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაყრდნობით, მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შევქმნათ დოკუმენტი, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტრანსპორტის სისტემა ოზურგეთში. როგორ შეიძლება გამოყოფილი თანხები ეფექტურად დაიხარჯოს და რეალურად საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდეს“ ,- ამბობს გრიგოლ მახარაძე, გურიის სამოქალაქო ცენტრის დირექტორი.

გრიგოლ მახარაძე, გურიის სამოქალაქო ცენტრის დირექტორი

„გურიის სამოქალაქო ცენტრს“ საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან. ერთ წერილზე პასუხი ნაწილობრივ მიიღეს, მეორე წერილზე კი მუნიციპალიტეტს არ უპასუხია.

საჯარო უწყებები ვალდებულები არიან, საჯარო ინფორმაცია გასცენ, თუმცა, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ისინი ამას არ ასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი