ახალი ამბებიხელოვნება

დასრულდა რიგით 26-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი

12 მაისი, 2023 • 1857
დასრულდა რიგით 26-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი

11 მაისს სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ დასრულდა რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი. ღონისძიების დასკვნით საღამოს, „სთარ სთეიჯი” დაიკავა სტენლი კლარკმა და მისმა ბენდმა (ბექა გოჩიაშვილი, ჯერემაია ქოლიერი, ემილიო მოდესტე და კოლინ ქუკი) – „Stenley Clarke N’4ever”.

მარცხნიდან: ბექა გოჩაშვილი, ემილიო მოდესტე, კოლინ ქუკი, სტენლი კლარკი და ჯერემაია ქოლიერი.

კონცერტის დაწყებამდე სტენლი კლარკსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა მუსიკალურმა ჟურნალისტმა კახა თოლორდავამ:

„არ ვიცი, რა უნდა გითხრათ მის შესახებ, რაც თქვენ არ იცით. 2004 წლიდან ის 50 ყველაზე უფრო გავლენიან მუსიკოსთა სიაშია, მის ხელში სულ სხვაგვარად აჟღერდა ელექტრონული აკუსტიკური ბასი. მისი ბგერა უნიკალური და ერთადერთია დედამიწის ზურგზე და მან ათასობით ახალგაზრდას ააღებინა ეს ინსტრუმენტი ხელში. თავის დროზე ის უკრავდა ისტორიული მნიშვნელობის ფუჟენ ბენდში, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მუსიკოსებთან ერთად. როგორც ბენდ ლიდერს, მას ჩაწერილი აქვს უამრავი ალბომი, აქედან რამდენიმე დღეს უკვე კლასიკადაა აღიარებული. თავისი კარიერის განმავლობაში მას დაკრული აქვს ყველა დიდ მუსიკოსთან, ვისი სახელი და გვარი შეიძლება ახლა თავში მოგივიდეთ. კარიერის განმავლობაში მას აღებული აქვს იმდენი პრიზი, გრემის ჩათვლით, რომ მათი ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებდა. მას დაწერილი აქვს მუსიკა ასობით ფილმისთვის, მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშია. დაბოლოს, რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის, ის მსოფლიო ტურნეში კვლავ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან ერთად დაიარება და მას პატარა გენიოსად მოიხსენიებს ზურგს უკან. აი, ასეთ საღამო გველის ფესტივალის უკანასკნელ დღეს.”

სტენლი კლარკი

კონცერტის შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს ბენდ ლიდერმა – სტენლი კლარკმა და პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა:

„არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, სწორედ ახლა ვლაპარაკობდით, მხოლოდ რამდენიმე ადგილია მსოფლიოში, სადაც მსმენელი თავს სახლში გაგრძნობინებს. თავს გაგრძნობინებს სახლში, თითქოს შენი ოჯახია. სწორედ ეს არის, რის გამოც მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა. განსაკუთრებული კონცერტი იყო, რადგან ახალი ბენდია და საუცხოო ენერგია აქვთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბექა დაბრუნდა ბენდში და ჩვენთან უკრავს, გვაკლდა როგორც მთავარი წრედის შემკვრელი. იგი არის, არ ვიცი, როგორ ვთქვა, ბენდის მნიშვნელოვანი წევრი, რაც სასიამოვნოა, რადგან ის მუსიკას ხდის უფრო თვითმყოფადს”, – განაცხადა სტენლი კლარკმა.

ბექა გოჩიაშვილი და სტენლი კლარკი

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ქართველ მსმენელს, ჩემს მეგობრებს, მსმენელებს, ვისაც არ ვიცნობ ან ვიცნობ. მოკლედ, ყველას. იმიტომ, რომ რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი იყო. კონცერტის შემდეგ მე და სტენლი ვლაპარაკობდით, რომ ეს სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, კონკრეტულად არ ვიცი, რომელ ქვეყანაში, მაგრამ სხვაგან რომ მომხდარიყო, სხვანაირი მსმენელი რომ ყოფილიყო, იქ ბევრად დიდი სტრესი იქნებოდა მუსიკოსებისთვის. იმიტომ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იმოქმედებდა ჩვენზე. რადგან კონკრეტული რაღაც გვინდოდა  დაგვეკრა და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ხალხმა ისეთი შინაურული გარემო შეგვიქმნა, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჩემი აზრით, ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამას ვერ ვუკრავთ, სხვა რამეს დავუკრავთ. მე ასე ვფიქრობ და ჩემნაირად ფიქრობენ ჩემი მეგობარი მუსიკოსები. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ისთერნ პრომოუშენს თბილისის 26-ე ჯაზ-ფესტივალისთვის, იმიტომ, რომ ეს ფესტივალი არის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკისთვის და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. ერთ-ერთი ფაზლია, რომელიც დააჯდება საქართველოს ნათელი მომავლის გარდაუვალობას”, – თქვა ბექა გოჩიაშვილმა.

Stanley Clarke N’4ever კონცერტის შემდეგ

„ისთერნ პრომოუშენის” თანადამფუძნებელმა – მიხეილ გიორგაძემ ასე შეაფასა ფესტივალის დასკვნითი საღამო:

„ფესტივალი დასრულდა, როგორც თავად ხედავთ, ყველა არის ძალიან ბედნიერი: მონაწილეები, აუდიტორია. ვფიქრობ, რომ მთავარი სწორედ ეს არის – როდესაც ხედავ ამდენი ადამიანის ბედნიერ, კმაყოფილ სახეს, როცა განიცდი მათთან ერთად ასეთ დადებით ემოციას და იზიარებ ასეთ დადებით ენერგიას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ სარგებლობენ ასეთი დიდი, ტრადიციული ფესტივალები ამხელა პოპულარულობით. სულ სხვადასხვა ადამიანები, განსხვავებების მიუხედავად, იქნება ეს სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ რასობრივი, იკრიბებიან ერთად და ამ დადებით ენერგიას უზიარებენ ერთმანეთს. აღარაფერს ვსაუბრობ იმ საზოგადოებრივი განათლების კომპონენტზე, რომელიც ნებისმიერ ჯაზ-ფესტივალს თან ახლავს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, უკვე კონკრეტულად ჩვენი საზოგადოებისთვის. კიდევე ერთხელ გილოცავთ ყველას ფესტივალის ასე წარმატებულად დასრულებას და ველოდებით ჩვენს ძვირფას მსმენელს ბათუმში, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას, 28-29-30 ივლისს, გარწმუნებთ, რომ არანაკლებ ისიამოვნებთ და არანაკლებ კარგ დროს გაატარებთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და ინტერესისთვის.”

წლევანდელი ფესტივალი ეძღვნებოდა ქართველ მუსიკოსს თამაზ ყურაშვილს, რომელიც ფესტივალის დაფუძნებიდან მისი წევრი იყო და 2023 წელს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.

„ნებისმიერ ნოტს და ნებისმიერ ფრაზას ვუძღვნი თათუზას, ის ყოველთვის ის თათუზა იქნება, რაც იყო, ჩვენი ლეგენდარული, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მუსიკოსი მეგობარი, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მას”, – ასე დაასრულა თავისი სიტყვა ბექა გოჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი