თვითლიკვიდაციის შესახებ დოკუმენტების პაკეტი იუსტიციის სამინისტროში უკვე შეიტანეს “სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტომ” და ქალთა ასოციაციამ “დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის”. ამ ჟესტით ორგანიზაციის ლიდერები გამოხატავენ პროტესტს სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო სექტორის გარშემო შექმნილი ვითარების წინააღმდეგ.
როგორც კავკაზსკი უზელს “სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა, პოლიტილოგმა დინა ალბოროვამ განუცხადა, ხელისუფლება გადაჭარბებულ ყურადღებას ამახვილებს მათზე, რაც ნეგატიურად აისახება მათ საქმიანობაზე.
“მუდმივი ეჭვების, მითიურ აგენტობაში ბრალდებების ატანა შეუძლებელია უკვე. საზღვარგარეთ ჩვენი ნებისმიერი გასვლა ყურადღების ქვეშ ექცევა. თუმცა, როდესაც ჩვენი მონაწილეები გაცნობით ტრენინგებზე გაგვყავს, ყოველთვის კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ – წერილობით ვაცნობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინ გვიწვევს, ვინ გვაფინანსებს, ვინაა ორგანიზატორი, ვაწვდით ტრენინგის მონაწილეთა ყველა მონაცემს”, – ამბობს ის.
ალბოროვა მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დამატებითი ზეწოლაა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებზეც, ინტერნეტში კი თავად არასამთავრობოებზე ორგანიზებული თავდასხმებია.
“ინტერნეტში გაჩნდა ავტორის მითითების გარეშე არასამთავრობოთა “მამხილებელი” სტატიები, სადაც მოყვანილია ინფორმაცია ჩვენი ანგარიშებიდან, ქვეყნები, დამფინანსებელი ქვეყნები, პროექტები, ქალაქები და ქვეყნები, სადაც გავდივართ, და ასევე ჩვენი საბანკო ანგარიშები. ყოველივე ეს რიგითი ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს არის უცნობი ავტორების შეკვეთილი სტატიები, ამიტომაც უკვე აღარ ვიცით, ვის ვკითხოთ და ვის ვუჩივლოთ სასამართლოში”, – ამბობს ალბოროვა.
ალბოროვას თქმით, ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის ბოლო წვეთი სექტემბრის ინციდენტი გახდა, როდესაც ერევანში რეგიონული შეხვედრა “სამხრეთ კავკასია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა” ჩაიშალა, სადაც სამხრეთ ოსეთის ხუთი დელეგატი უნდა ჩასულიყო. როგორც ის ამბობს, სომხეთის დედაქალაქში გაფრენის წინ მონაწილეებმა უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტზე, რადგან მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იყო.
“რატომ არ შეუძლიათ მოქალაქეებს გასვლა? ჩვენ არ ვართ ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. ეს ბოლო უარი ქვეყნიდან გასვლაზე აგენტური საქმიანობის მიზეზით რეგიონულ დონეზე ჩვენი სირცხვილია. ღიად არავინ გვიკრძალავს ქვეყნიდან გასვლას და შესაძლოა გვითხრან კიდეც, რომ არავინ გვიშლის ხელს, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა აკრძალვა არ არის”?
ალბოროვა ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვით დიდ სიამოვნებას მიიღებენ ისინი, ვინც სამოქალაქო საზოგადოების მოხრჩობაზე ოცნებობდა. მაგრამ უნდა გავაწბილო ისინი, რამდენადაც არც მე და არც ლირა კოზაევა, ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არ გეგმავს სამზარეულოში კულინარიით დაკავებას. პოლიტოლოგის პროფესია საშუალებას მაძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ვიმუშაო. ეს ჩემი სამსახურია და არავის აქვს უფლება რეკომენდაციები მომაწოდოს. იქ წავალ, სადაც საჭიროდ მივიჩნევ, ანგარიშების ჩაბარების გარეშე”.
ალბოროვა ამბობს, რომ მან ასევე დახურა რეალიზაციისთვის გამზადებული საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert -ის პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დისკუსიების წარმართვის ხელოვნების სწავლას ითვალისწინებდა, ვინაიდან, როგორც ის ამბობს, სამოქალაქო აქტივისტი, ლარისა სოტიევა ბრიტანეთის აგენტად მოიხსენიეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |