ახალი ამბები

„ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, უარი თქვათ ღალატზე“ — გახარიას პარტია „ოცნებას“ მიმართავს

24 მაისი, 2024 •
„ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, უარი თქვათ ღალატზე“ — გახარიას პარტია „ოცნებას“ მიმართავს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უარი თქვან ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე.

განცხადების ავტორების თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გაიწვიონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს მათ ვეღარ დაიცავს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისა და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისა და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის:

„სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული.

ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის.

ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი, და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე: ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია,“ — აცხადებენ პარტიაში.


აშშ სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსული კანონის მიღებასა და საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. თუმცა სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სავიზო სანქციების გარდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში განიხილება ფინანსური სანქციებიც.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიიჩნევს, რომ მათთვის სამოგზაურო სანქციების დაწესება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს აზარალებს. თავის მხრივ ბლინკენის განცხადება კი “შანტაჟია და მუქარა”.

18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს,  28 მაისს დაძლევენ.

ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, რომ კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი