საზოგადოება

აშშ სავიზო სანქციებს უწესებს რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს 

24 მაისი, 2024 •
აშშ სავიზო სანქციებს უწესებს რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს 

აშშ სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი და თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.

ამის თაობაზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა 24 მაისს.

სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გთავაზობთ სახელმწიფო მდივნის განცხადებას სრულად:

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“  შესახებ კანონი, რომელიც შეზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზირებას მოახდენს ორგანიზაციებისა, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც აწვდიან მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს კანონის მიღებას, ჩვენ ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის  კამპანიის ნათელი მანიშნებლები  მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

როგორც „ნაციონალური უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული მეთოდები, რომლებიც  გამოიყენება ლეგიტიმური წინააღმდეგობის  ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში  – ევროატლანტიკური ინტეგრაცია  და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაში.

ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაზე  ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტია. ყველა, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდეგ – შეიძლება შეეზღუდოს აშშ–ის ვიზის  მიღების და აშშ-ში მოგზაურობის უფლება. ეს შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც.

დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები კვლავ განიხილავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს  დემოკრატიული და ევროატლანტიკური სივრცეში  წინსვლისთვის.

ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს.

სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ეფუძნება იმიგრაციისა და ნაციონალური აქტის 212 (a)(3)(C) პუნქტს, რომელიც  სახელმწიფო დეპარტამენტს  აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებს, ამჟამინდელ და ყოფილ, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებს და მათი ოჯახის წევრებს,  რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან დემოკრატიის შეფერხებაზე საქართველოში, მათ შორის ძალადობის და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების შეზღუდვაში”.


სავიზო სანქციების გარდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში განიხილება ფინანსური სანქციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი