მოცემულ ანგარიშში საქართველოს შესახებ მონაკვეთის ავტორი OSGF-ის ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძეა, რომელიც განმარტავს, რომ უშუალოდ ფონდს ანგარიშთან კავშირი არ აქვს.
ანგარიშში ნათქვამია, წამყვანი პოლიტიკური პარტიები ერთსულოვნები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს და ევროკავშირი საქართველოს ბუნებრივი პარტნიორია.
რაც შეეხება პარლამენტს, აღნიშნულია, რომ კოალიცია “ქართული ოცნება”, ენმ და “თავისუფალი დემოკრატები” მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თუმცა ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი მრეწველთა პარტიის ლიდერები ღიად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მხარს უჭერენ ევრაზიულ კავშირში შესვლას. ანგარიშის თანახმად, პარტიის მეთაურები, ბიზნესმენები – გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში არიან ჩართული და მათი მონდომება საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრდება იქ, სადაც DCFTA–ს მოთხოვნები ეჯახება მათს ბიზნესინტერესებს.
ანგარიშის თანახმად, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პირველ რიგში, ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება, შეიძლება ხელი შეუშალოს მთავრობას იმ მტკივნეული, მაგრამ საჭირო რეფორმების განხორციელებაში, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
“სავარაუდოდ, კოალიცია “ქართული ოცნება” და მისი ლიდერები უფრო მეტ დროს დაუთმობენ წინასაარჩევნო კამპანიას და ნაკლებ ყურადღებას – რეფორმების განხორციელებას,”– წერია ანგარიშში.
კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტი, რომ ასოცირების ხელშეკრულების საპარლამენტო მიმოხილვა სუსტდება.
“პარლამენტის წევრებს არ აქვთ არც უნარი და არც საკმარისი ცოდნა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესახებ. 2015 წელს პარლამენტის წევრები უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებულნი, შეხვდნენ თავიანთ ამომრჩევლებს- რათა არ დაკარგონ სკამები პარლამენტში- ვიდრე დაესწრონ საპარლამენტო სესიებს და განიხილონ რეფორმები და კანონპროექტები,”– აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევებისა, ანგარიშში საუბარია რუსეთის სამხედრო პოლიტიკასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზეც.
გარდა ამისა, აღნიშნულია ეკლესიის როლიც. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შეიძლება განხილული იყოს, როგორც უფრო მეტად ნეგატიური ძალა, რადგანაც ეკლესიის შიგნით გავლენიანი ჯგუფები მხარს უჭერენ ე.წ. ტრადიციულ ღირებულებებს და არა ევროპულ ლიბერალიზმს.
გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეკლესიის როლი მომდევნო წლებში შესაძლოა გაიზარდოს და გახდეს სერიოზული დაბრკოლება პროდემოკრატიული რეფორმებისათვის. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საქართველოში დიდი ნდობით სარგებლობს, ზოგადად, მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.
ანგარიშში საუბარია პრორუსული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებზეც. კერძოდ, აქ ნათქვამია, რომ საქართველოში პრორუსული ძალები სწრაფად ვითარდებიან. 2 ასეთი მსხვილ ორგანიზაციად დასახელებულია “ევრაზიის ინსტიტუტი” და “ევრაზიული არჩევანი”, ასევე არის 20–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აფილირებულნი არიან ამ ორ ორგანიზაციასთან.
ანგარიშის თანახმად, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ უკავშირდებიან რუსულ გორჩაკოვის ფონდსა და ლევ გუმილიოვის ცენტრს.
“ჯერჯერობით არ არის ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევა, სადაც გაზომილი იქნებოდა ის გავლენა, რომელიც მათ საქართველოზე მოახდინეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ 2016 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მათი აქტიურობა გაიზრდება და შეეცდებიან მხარი დაუჭირონ პრორუსულ პარტიებსა და კანდიდატებს,”– აღნიშნულია ანგარიშში
გარდა ამისა, საუბარია იმ 4 ძირითად მიზეზზე, თუ რის გამო გაიზარდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა:
1. მედიაგარემო დღეს საქართველოში გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის დროს, რაც ბევრ სხვადასხვა, მათ შორის პრორუსული მოსაზრებების არსებობის საშუალებას იძლევა.
2. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჩართულობით მიიღო ევროინტეგრაციის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც 2014-2017 წლებს ფარავს, თუმცა მთავრობა მისი სათანადოდ განხორციელების თვალსაზრისით შედარებით სუსტი აღმოჩნდა;
3. მთავრობამ ასევე დაუშვა შეცდომები, როდესაც არაპოპულარული და ხანდახან მტკივნეული რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებს დააბრალა.
4. რამდენადაც ქართული ოცნება და ენმ პროევროპული პარტიები არიან, მათი მარცხი (პატიმრების წამება ციხეში ენმ–ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) და არაპოპულარული კანონების მიღება, როგორიც არის ქართული ოცნების მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, ევროკავშირისა და ევრიონტეგრაციის პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზად გადაიქცა.
რეკომენდაციები
ანგარიშში ავტორს აქვს მოცემული რეკომენდაციებიც, სადაც განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის როლი, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა გაანალიზონ ევროკავშირის ის დირექტივები, რომლებიც საქართველომ უნდა მიიღოს, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან. ასევე, რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოყოს ფინანსური რესურსები, რომლებიც მოხმარდება კვლევითი სექციის გაძლიერებას და სწორედ კვლევითი სექცია უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების ზემოქმედების ანალიზის ჩატარებაზე. აქვე წერია, რომ პარლამენტმა უნდა დანიშნოს კვარტლური საკომიტეტო მოსმენები და მოსთხოვოს მთავრობას, წარმოადგინოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შედეგები.
ასევე, რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირმა თავისი პროგრამების მეშვეობით პარლამენტის თანამშრომლებს ამ მიმართულებით საჭირო ცოდნის ასამაღლებლად მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში მოკლევადიანი სტაჟირებები სასარგებლო იქნება კომიტეტის თანამშრომლებისთვის.
რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის სამინისტრომ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ახლო თანამშრომლობით, უნდა განიხილოს ევროკავშირის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სტრატეგია. ავტორი აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნა 2013 წელს და მთლიანად არ ასახავს ახალ რეალობას, მათ შორის ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელმაც საქართველოში ახალი ძალები მოიკრიბა.
რეკომენდაციები ეხება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. კერძოდ, ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ახლო ევროინტეგრაციის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, დონორების დახმარებით უნდა შექმნან ვებ–გვერდი, სადაც განთავსდება ევროკავშირის რეგულაციები/დირექტივები და მათი მიღების დრო. ამასთანავე, გაუწიონ რეგულარული მონიტორინგი მათ იმპლემენტაციას.
სხვადასხვა სამინისტროსბისთვის მიცემული რეკომენდაციების გარდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის არჩევნების მიუხედავად, უნდა განახორციელოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმები.
რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, უნდა შექმნას რეგულარული შეხვედრების გრაფიკი, რათა შეფასდეს მიღწეული პროგრესი და გამოვლინდეს ევროინტეგრაციის პროცესის ხარვეზები.
რაც შეეხება ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებს, რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს კომუნიკაცია მართლმადიდებელ ეკლესიასთან ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რათა თავიდან იყოს აცილებული ასოცირების შეთანხმებისა და მისი მოთხოვნების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ასევე, მთავრობამ ამ საკითხთა დაკავშირებით ხმა უნდა მიაწვდინოს ეთნიკურ უმცირესობებსს და სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს.
დისკუსია ბატორის ფონდში საელჩოს წარმომადგენლის გარეშე
ანგარიშის თანაავტორმა, ივანე ჩხიკვაძემ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ 13 ოქტომბერს პოლონეთში, ბატორის ფონდში გამართულ დისკუსიებს, რომელიც სწორედ ამ სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეხებოდა, არ ესწრებოდა წარმომადგენელი პოლონეთში საქართველოს საელჩოდან. მისი განცხადებით, დისკუსიის თემა იყო ვიზები, პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში, რეფორმები უკრაინაში, არჩევნები საქართველოში და სხვა საკითხები.
ვანო ჩხიკვაძე წერს, რომ ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიაზე მოწვეული იყო პოლონეთში საქართველოს საელჩოც. იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მივიდა საელჩოს წარმომადგენელი დისკუსიაზე, ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა პოლონეთში საქართველოს საელჩოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბატორის ფონდიდან საელჩოს წერილი არ მიუღია.
“დავიწყეთ მოძიება ბატორის ფონდის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევისა და აღმოჩნდა, რომ საელჩოს მსგავს ღონისძიებაზე მოსაწვევი არ მიუღია. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ესწრება ყველა ღონისძიებას, სადაც საუბარია საქართველოზე ზოგადად, კონკრეტულად კი, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე (მათ შორის, სავიზო რეჟიმზეც, რა თქმა უნდა),”– აღნიშნული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ პასუხში.