რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემა, რომლითაც 2024 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება არჩევნები, რომელი პოლიტიკური ძალისთვის იქნება ხელსაყრელი ის და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს წინასაარჩევნოდ – ამ თემებზე „ნეტგაზეთი” ესაუბრა პოლიტოლოგ ლევან კახიშვილს:
რა ტიპის საარჩევნო სისტემა ექნება ქვეყანას 2024 წელს?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და უტოლდება 2012 წლის არჩევნების მნიშვნელობას, როცა პირველად და ერთადერთხელ გვქონდა შესაძლებლობა ხელისუფლება შეგვეცვალა არჩევნების გზით.
იმის გათვალისწინებით, როგორ მიმდინარეობს დღევანდელი პროცესები, ეს არჩევნები შეიძლება გახდეს ერთგვარი რეფერენდუმი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ: ამომრჩეველს სურს პროდასავლური ორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში თუ არა.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხი: ამ არჩევნებზე გვაქვს ახალი საარჩევნო – პროპორციული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მხოლოდ პარტიას მივცემთ ხმას და არ გვექნება მეორე ბიულეტენი ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის.
თავისი არსით ეს სისტემა კარგია, რადგან საქართველოში პირველად (თუ არ ჩავთვლით 92 წლის არჩევნებს), აჩენს კოალიციური მთავრობების ფორმირების შესაძლებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციურმა მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ დეპოლარიზაციას, ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის იდეამ, რომელზეც არის დაფუძნებული სისტემა, უნდა მიგვიყვანს დეპოლარიზაციამდე.
გარდა ამისა, როდესაც გვაქვს კოალიციური მთავრობა, (რაც ევროპულ საპარლამენტო სისტემებში რუტინული მოვლენაა), მასში ჩაშენებულია ერთგვარი შიდა მონიტორინგის მექანიზმი –
სხვადასხვა სამინისტრო სხვადასხვა პარტიის დაქვემდებარებაში იქნება, შესაბამისად, ეს პარტიები ერთმანეთს უნდა აკონტროლებდნენ და უწევდნენ მონიტორინგს: რა პოლიტიკებს აწარმოებენ, რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რაში იხარჯება ფული.
თუ ავიღებთ პოლონეთის ბოლო არჩევნებს, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღო ხმების დაახლოებით 35%, თუმცა მას არ მიეცა მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, რადგან არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სურდა მასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სადავეები გადავიდა მეორე ადგილზე გასული პარტიის ხელში, მათ შეძლეს კოალიციის მობილიზება და მთავრობის ფორმირება.
ჩვენც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გამოვცადოთ. ეს პრაქტიკა საქართველოში აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს. თუმცა აქ კიდევ ერთი საკითხია – როგორ ითვლება ხმები და როგორ ნაწილდება საპარლამენტო მანდატები.
ჩვენ გვაქვს 5 პროცენტიანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარტია მიიღებს ხმების 5 პროცენტზე ნაკლებს, ის ვერ მოხვდება პარლამენტში და მისი ხმები დაიკარგება. ხმების დაჯამების შემდეგ კი, იმ პარტიებს ენიჭებათ უპირატესობა, ვისაც ყველაზე მეტი ხმა აქვს მიღებული.
თუ ჰიპოთეტურ სცენარს ავიღებთ, სადაც „ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმათა – 40%, ნაციონალურმა მოძრაობამ – 20%, „საქართველოსთვის“ -10%, „ახალმა“ -10%, ეს გვაძლევს ხმების 80 პროცენტს. ე.ი 20 პროცენტი იკარგება, ამ სცენარში ოცნებას ექნება შესაძლებლობა, 76 მანდატი მიიღოს და ექნება უმრავლესობა პარლამენტში.
აქედან გამომდინარე, ქართული პროპორციული სისტემის პროპორციულობის ხარისხი შეიძლება მაღალი არ იყოს.
ამ შემთხვევაში ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაიკარგოს, ასეა?
კი, მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაიკარგოს. ამას მოჰყვება ორი პრობლემა, ერთი მხრივ, მცირე ზომის პარტიებმა, რომლებიც შეიძლება ამომრჩევლის ნაწილში ცოტა უფრო მეტი ნდობით სარგებლობდეს, ვიდრე ძირითადი პარტიები, თუ ვერ მოაგროვეს ხმათა 5 პროცენტი მათი ხმები იკარგება, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებში საარჩევნო ბლოკების ფორმირება არის აკრძალული. ე.ი ოცნება როგორც მოვიდა არჩევნებში 2012 წელს (5 პარტიისგან შემდგარი კოალიცია იყო) ისინი ამას ვერ შეძლებდნენ.
შესაბამისად, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები ხმის დაკარგვა და მეტი თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, სავარაუდოდ, ერთიანი სიის წარდგენა.
კოალიციური გაერთიანება არის ერთადერთი გასაღები იმისთვის, რომ ოცნებამ ვერ დააკომპლექტოს უმრავლესობა?
პირველი კოალიციური გაერთიანება, რაც იმის საწინდარი უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და მეორე – უკვე როცა პარლამენტში მოხვდებიან პოლიტიკოსები, იქ კოალიციის შექმნის შესაძლებლობები – ვისთან ითანამშრომლებენ. ამ ყველაფერზე კარგი იქნება თუ ახლავე დაიწყება მსჯელობა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რათა ამომრჩეველმა ყველაფერი წინასწარ იცოდეს, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ ერთობით უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ხმების დაკარგვის თავიდან აცილება, მეორე მხრივ, კოალიციის ფორმირება პარლამენტში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყოველთვის ართულებს ხოლმე კოალიციებს, არის ის, რომ სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს როგორ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკის განვითარება, როგორი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს განათლების დაფინანსება და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შექმნან პოზიტიური დღის წესრიგი, უნდა შეთანხმდნენ რა ტიპის პოლიტიკური კურსი უნდა ჰქონდეთ მათ, რას სთავაზობენ ამომრჩეველს, რით არის ეს ქართული ოცნებისგან განსხვავებული და უნდა გაცხადდეს ვისთან აპირებენ თანამშრომლობას, მას შემდეგ თუკი ისინი მოხვდებიან პარლამენტში. ეს ორი კომპონენტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს მოლოდინი რა მოხდება არჩევნების შემდეგ ქვეყანაში.
დღევანდელ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია „ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების შენარჩუნება?
29 აპრილის აქციისას ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ყურადღებით თუ მოუსმენთ, ძალიან ღიად დააფიქსირა, რომ მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაღლა არჩევნებამდე, შესაბამისად ამ მუხტისგან დაცლაა მისი მიზანი და პირდაპირ თქვა, რომ მისი იდეა იყო ამ კანონის დაბრუნება, შესაბამისად თუკი ეს მუხტი და პროტესტი განელდება, „ქართულ ოცნებას” კვლავ აქვს შესაძლებლობა რომ ხმები მოიპოვოს.
გარდა ამისა, ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე სხვადასხვა გარემოება, დაწყებული საარჩევნო სისტემიდან – როგორ ითვლება ხმები, გაგრძელებული იმ ადმინისტრაციული რესურსით, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია.
საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით 300 000 ადამიანი, ცოტა მეტი, იღებს ხელფასს სახელმწიფო უწყებებიდან, ამ ადამიანებზე, თუ მოხდება ზეწოლა ქვეყანაში (მათ უკან მათი ოჯახები დგას) ეს არის ძალიან დიდი რესურსი. 2020 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო 900 000-ზე ცოტა მეტი ხმა, შესაბამისად, თუ ვივარაუდებთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას სრულად შეძლებს „ქართული ოცნება” – ეს ამ ხმების მესამედია.
ასევე, ყველამ კარგად იცის წინასაარჩევნოდა რა ხდება ხოლმე ქვეყანაში, ვსაუბრობ კოორდინატორებზე, „ქართულ ოცნებას” და არა მხოლოდ მათ, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასაც, ჰყავს კოორდინატორები, არის არაფორმალური ქსელის იერარქია.
თუ ავიღებთ „ქართულ ოცნებას”, რომელსაც ყველაზე დიდი რესურსი აქვს, მას ერთ საარჩევნო უბანზე შეიძლება ჰყავდეს 5-6-8, ან 20-მდე კოორდინატორიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ 2020 წლის ანგარიშში უწერიათ რომ მხოლოდ 2000 კოორდინატორი ჰყავდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენც რომ იკითხოთ სამეზობლოში, რამდენია „ოცნების” აგიტატორი, სავარაუდოდ, ახვალთ 8 ადამიანამდე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 ში დაახლოებით 3800-მდე უბანი იყო გახსნილი, ეს გვაძლევს ძალიან დიდ რიცხვს ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამომრჩეველთან და აწარმოებენ ე.წ ტრანზაქციულ პოლიტიკას, შეიძლება ბევრისთვის სახუმარო იყოს კარტოფილის და ზეთის ამბები, მაგრამ აქ არ მთავრდება კარტოფილზე და ზეთზე ლაპარაკი, საუბარი შეიძლება იყო სამსახურზე, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე – დაფინანსებაზე, უამრავ წვრილმანზე, რომელიც ამ ტრანზაქციაში, კერძო სარგებლის სახით ამომრჩეველმა შეიძლება მიიღოს „ქართული ოცნებისგან”, რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფორმალური ხასიათი აქვს და სწორედ ამაშია პრობლემა.
ამ რესურსის მობილიზების მეშვეობით, კოორდინატორები 2-ჯერ იღებენ არაფორმალურად ერთგვარ გასამრჯელოს, ეს არის დაახლოებით 300 ლარი არჩევნებამდე და ამდენივე არჩევნების შემდეგ. თუ გადაიანგარიშებთ რამდენი კოორდინატორია და რამდენი 300 ლარის გადახდა უწევს ოცნებას, ამას ავყავართ 18 მილიონ ლარამდე, შეიძლება ცოტა მეტამდეც.
მთელი ეს რესურსი თუკი ოცნების სამსახურში იქნება, შეძლებენ ამომრჩევლის მობილიზებას დაშინებით, კერძო სარგებლით, ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანებიდან გამომდინარე, მას რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ხმები აიღოს არჩევნებში.
რა გავლენა ექნება „რუსულ კანონს“ არჩევნებზე?
ამ კანონის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას; ხდება იარლიყის მინიჭება, შესაბამისად, თუ რომელიმე ორგანიზაცია რაღაც ნიშნით გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ძალიან მარტივი ხდება იმის თქმა, რომ ისინი არიან მოღალატეები, არიან უცხოური გავლენის აგენტები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად, ამომრჩეველმა მათ არ უნდა უსმინოს.
ამგვარი დისკურსის შექმნა საზოგადოებაში არის ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უკვე სახეზეა, ამის მაჩვენებელია აქტივისტების დაშინების მცდელობა, დარეკვები, პლაკატების გაკვრა საცხოვრებელ სახლებთან. კანონი ამას აუცილებლად მოიტანს, თუმცა ამის იქით, კანონი იძენს თავის სიცოცხლეს,
ამ კანონში ჩასწორებების შეტანა იქნება უფრო მარტივი, ვიდრე მისი მიღება, პრობლემა არის ის, რომ არ ვიცი ეს კანონი მომავალში რა სახეს მიიღებს.
იმგვარი წინაღობები და ბარიერები ექმნებათ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიებს, რომლებიც რეალურად აშუქებენ ქვეყანაში რაც ხდება; იმგვარი ბარიერები იქმნება, რომლის გადალახვისთვის ისეთი ბრძოლებია საჭირო, რომლებიც არ უნდა არსებობდეს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მედიას არ უნდა უწევდეს ბრძოლა იმისთვის, რომ რაღაც გააშუქოს, სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უწევდეს ბრძოლა, რომ თქვას ის, რასაც ფიქრობს.
ლევან კახიშვილი არის მკვლევარი პოლიტიკის მეცნიერების დარგში, მოპოვებული აქვს სამაგისტრო ხარისხი თსუ-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ბამბერგის უნივერსიტეტში, სადაც ასევე კითხულობდა ლექციებს, ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში.