ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდი გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2015 •
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ გამომცემლებთან ერთად შეიმუშავა.

 

2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგება.

 

წლევანდელ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი.

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაცია და მიღება, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ქართველი გამომცემლები სხვადასხვა  საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ.

 

სამინისტროს ცნობით, გაიმართება გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმატის ლიტერატურული ღონისძიებები, მათ შორის, ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina თეატრალიზებული კითხვა; ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის „ვინ მოკლა ჩაიკა“ საჯარო კითხვა; ზაზა ბურჭულაძის რომანის „ადიბასი” (გამომცემლობა Aufbau) გერმანულენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი უკრაინელი მწერალი იური ანდრუხოვიჩი; ასევე გაიმართება გამომცემლობის Pop  Verlag-ის  მიერ გამოცემული ოთხი წიგნის – ეკატერინე გაბაშვილის და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულების, ესმა ონიანისა და დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულების – პრეზენტაცია. 

 

ქართველი ავტორებისა და ზოგადად ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, აცხადებს კულტურის სამინისტრო.

 

ქართულიპროგრამაფრანკფურტის 2015 წლისწიგნისბაზრობაზე

v  ზევსი VS ევროპა (Homo ex machina) /საჯარო კითხვა/

ავტორი: ლაშა ბუღაძე

მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

14 ოქტომბერი/15:00-16:00

Lesezelt/Agora

 

v  ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია /პრეზენტაცია, მიღება/

მონაწილეები: მედეა მეტრეველი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

14 ოქტომბერი/17:00-18:00

საქართველოს ეროვნული სტენდი/პავილიონი 5.0  B 100

 

v  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ /პრეზენტაცია/

მონაწილეები: პროფესორი მანანა თანდაშვილი, პროფესორი დოქტორი  იოსტ  გიპერტი,

 ურსულა რაიჰერტი

15 ოქტომბერი/ 17:00-17:30

ფორუმ-დიალოგი / პავილიონი 5.1 A128

 

v  POP VERLAG-ის მიერ გამოცემული ოთხი ქართული წიგნის პრეზენტაცია

ავტორი: დათო ბარბაქაძე

მონაწილეები: ტრაიან პოპი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, არჩილ ხოტივარი

             16 ოქტომბერი/11:30-12:00

             ფორუმ-დიალოგი / პავილიონი 5.1 A128

 

v  ზაზა ბურჭულაძე „ადიბასი“ /დისკუსია, საჯარო კითხვა/

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე

მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე

16 ოქტომბერი/16:00-17:00

Lesezelt / Agora

 

v  ანა კორძაია-სამადაშვილი:  „ვინ მოკლა ჩაიკა?“ /საჯარო კითხვა/

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

მოდერატორი: ტიმ მიუკე

17 ოქტომბერი/12:30- 13:00

ფორუმ-დიალოგი / პავილიონი  5.1 A128

 

მასალების გადაბეჭდვის წესი