საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის MEGOBARI Act-ის ინიციატივა „ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე“.
„მუქარას — სანქციებით, ვაჭრობას — ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით“, — წერს მდინარაძე Facebook-ზე.
ის ხაზს უსვამს, რომ ის, რასაც „აშშ-ის პოზიციად ცდილობენ გაყიდონ“, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.
„რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც. წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.
სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო“, — აცხადებს მდინარაძე.
სანაცვლოდ „გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა“, დეპუტატის თქმით, კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.
„ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხრდაჭერას ველით და არა პირიქით!“ — წერს მდინარაძე.
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
როგორც გამოცემა წერს, ამას ითვალისწინებს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობები, რომელიც POLITO-მ ნახა. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).
მმართველ პარტიაში კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელ შანტაჟს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისთვის არა „ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები“, არამედ „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.
ოცნება აშშ-სთან უვიზოზე წინადადებას ბუნდოვან პერსპექტივას უწოდებს და რუსულ კანონს ამჯობინებს