ახალი ამბები

საქმე მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი – ჯაფარიძე

20 მაისი, 2024 •
საქმე მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი – ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ თითქოს მან რაღაც ძალადობრივი დააორგანიზა.

ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს, 20 მაისს, სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გამორიცხული არაა, რომ დააკავონ.

„ამოიღეს „იმედმა“ რომ გაუშვა სუს-ის მიერ გაკეთებული რაღაც ჩანაწერები. ეგ ჩანაწერები არის 2 წლის ან მეტი ხნის წინ გაკეთებული, სადაც მე ვხვდები მხარდამჭერებს ღია სივრცეში… მაგას აბამენ ამ აქციებს. ვუთხარი, რომ კი, ნალაპარაკები მაქვს-მეთქი, ყველა სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება, მონტაჟი იყოს-მეთქი, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეგ იყო, რომ პროტესტი უნდა წარიმართოს-მეთქი, ოღონდ მაგას ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს… კითხვები იყო, რომ ოდესმე თუ დაგიორგანიზებია ძალადობაო, ვეუბნებოდი არა-მეთქი. საქმე მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი.

დღეს მორჩა [გამოკითხვა] და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი ვუთხარი და მაგით დამთავრდა… აწი ამათგან ყველაფერი შეიძლება, მაგ სტადიაში არიან… შეიძლება [დამაკავონ] კი, მიდი და ამტკიცე, რომ ის „იმედის“ ჩანაწერი 3 წლის წინ არის ჩაწერილი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე პოსტიც დაწერა, სადაც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმეს კერავენ, თითქოს ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პარლამენტზე შტურმს აორგანიზებდა.

„დღეს დამიბარეს და დამკითხეს სასამართლოში. კითხვებიდან გამომდინარე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი ამ აქციების დროს სტრატეგიული დანიშნულების მქონე შენობის (იგულისხმება პარლამენტი) შტურმის ორგანიზატორი.

მტკიცებულებად იყენებენ „იმედის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვითომ ფარულ ჩანაწერს. ოღონდ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2-3 წლის წინ, დედა ენის ბაღში, საჯარო შეხვედრის დროს, ღია სივრცეში, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ადამიანი
სავარაუდოდ, არის დამონტაჟებულიც და ცხადია, არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებთან. ყველა ის ადამიანი დაადასტუერებს, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა. მაგრამ ეგ არ აინტერესებთ და ხმის ნიმუში უნდა აგიღოთო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.


დღეს, 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლო რუსული კანონის აქციების მონაწილე 50-ზე მეტი დემონსტრანტის საქმის განხილვა იყო ჩანიშნული განიხილავს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი