ახალი ამბები

ქუთაისში „ედინაია რასიას“ აქტივისტები არ გამოჩენილან

4 ოქტომბერი, 2010 • 1166
ქუთაისში „ედინაია რასიას“ აქტივისტები არ გამოჩენილან

დღეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, რუსულ „ბალტინფოზე“ დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის მმართველი პოლიტიკური ძალის „ედინაია რასიას“ წარმომადგენლები ქუთაისში გეგმავდნენ ჩასვლას და დიდების მემორილის ადგილზე – ჯვრის აღმართვას.

სააგენტო „ბალტინფომ“ ინფორმაცია ამის თაობაზე თავდაპირველად 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა.  პეტერბურგის საკრებულოს წევრმა „ედინაია რასიადან“ ვიტალი მილონოვმა განაცხადა, რომ სამმეტრიანი ჯვარი საქართველოში უკვე დამზადებულია და რომ მემორიალის ადგილზე ამ ჯვარს რუსი აქტივისტები 4 ოქტომბერს, ღამით, დაამონტაჟებდნენ. 4 ოქტომბერს იმავე „ბალტინფოსთან“ საუბარში მილონოვმა თარიღი შეცვალა:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთი–ორი კვირით გადავდოთ ჯვრის აღმართვა. ეს ტექნიკური პრობლემებითაა განპირობებული,“ – განაცხადა მილონოვმა.

მისივე თქმით, საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისში, უკვე იმყოფება მისი ორი წარმომადგენელი, რომლებიც „ჯვრის აღმართვის ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგენენ და ფოტოებს უღებენ იმ ადგილს, სადაც უნდა მოხდეს ჯვრის აღმართვა“.

იმერეთის რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „ედინაია რასიას“ წარმომადგენლები მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

ტერიტორია, სადაც დიდების მემორილი იყო განთავსებული, შემოღობილია და იქ კომპანია „მაგი სტილი“ პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაზე მუშაობს. ამასთანავე, შემოღობილი ტერიტორია დაცვის სამსახურის მიერ კონტროლდება.

„ბალტინფოსთან“ საუბარში მილონოვმა განაცხადა, რომ თუკი მათ აქტივისტებს ქართველი სამართალდამცავები, ჯვრის აღმართვის გამო, დააკავებენ,  ეს არ იქნება „სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. დიდი–დიდი ჯარიმა გადაგვახდევინონ 6 კვ.მ მოცულობის ღობის დაზიანების გამო,“ – განაცხადა მილონოვმა.

საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ “ედინაია რასიას” წარმომადგენლები საქართველოში შემოსვლის წესებს სრულად დაიცავენ, მათ პრობლემები არ შეექმნებათ. უტიაშვილის განცხადებით, სამინისტროშიც მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც რუსული სააგენტოებით ვრცელდება.

ქუთაისში, პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით, დიდების მემორიალის დემონტაჟი გასული წლის დეკემბერში განხორციელდა – ძეგლის აფეთქებას დედა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი