პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს საქართველოში ეპატიჟება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და მოუწოდებს მას, რომ დაეხმაროს კავკასიას რუსული გავლენისგან გათავისუფლებაში.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Tribune წერს.
“ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა. მნიშვნელოვანია, რომ მან ის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩამოვიდეს.
მე მივწერე მას, რომ ველოდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მხოლოდ საქართველოს ბედი არ დევს სასწორზე. ეს მთელ კავკასიას ეხება, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ გასათავისუფლებელია საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან”, – თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში.
გამოცემა ინტერვიუს შესავალში წერს, რომ პრეზიდენტი, რომლის როლიც უფრო საპატიოა, გმობს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს “უცხოური გავლენის შესახებ” და ავტორიტარულ გეზს, რასაც “ქართული ოცნება” დაადგა – “მმართველი პარტია, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში”.
ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ რუსული კანონი სიმბოლოა იმ ანტიდასავლური გეზისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაადგა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ივანიშვილმა კი ფაქტობრივად ომი გამოუცხადა დასავლეთს თავის სიტყვაში, რომელიც მან 29 აპრილს ხელისუფლების კონტრაქციაზე წარმოთქვა.
“არავის სურს აქ კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისა და მისი უსაფრთხოებისთვის. აქ, შავი ზღვის პირას, რომელიც ენერგეტიკული და სატრანსპორტო-სატრანზიტო ზონაა, საფრანგეთი რომ არ არის წარმოდგენილი, აბსურდია”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.
ამავე თემაზე:
მაკრონი და შოლცი: საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის