ახალი ამბები

მაკრონი და შოლცი: საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის

19 მაისი, 2024 •
მაკრონი და შოლცი: საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, დასანანია, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონით ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის.

“ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება.

ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გეზის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ და არიან. ჩვენი, ორივეს სახელმწიფოები, აქტიურად უჭერდნენ მხარს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 2023 წლის დეკემბერში.

ძალიან დასანანია, რომ საქართველოს მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ვიღებთ გზავნილს, რომ მათ გადაუხვიეს ამ გზას, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების, ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ და მიიღეს ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.

საქართველოს რომ გეზი ევროპისკენ აქვს, ეს უკვე გაწერილია, მაგრამ სვლის ტემპი და ტრაექტორია საქართველოზეა დამოკიდებული”, – ნათქვამია შოლცისა და მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი