თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გმობს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას.
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.
მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს,“ — წერს თამარ ზარანდია.
დღეს, 18 მაისს, თსუ-ს მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები თავს დაესხნენ სტუდენტებს, რომლებიც ადგილზე რუსულ კანონთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად იყვნენ მოსულები.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მისული კობახიძის მიმართ პროტესტის გამოსახატად მისულ სტუდენტებს თავს ესხმიან. სტუდენტები ამბობენ, რომ ადგილზე მყოფ პოლიციას ძალადობრივ ქმედებებზე რეაქგირება არ აქვს.