ახალი ამბები

საია პროკურატურას პოლიციის უმოქმედობაზე მიმართავს, თსუ-ს — სტუდენტების დასაცავად

18 მაისი, 2024 •
საია პროკურატურას პოლიციის უმოქმედობაზე მიმართავს, თსუ-ს — სტუდენტების დასაცავად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებზე ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობის გამო პროკურატურას მიმართავს.

საქმე ეხება დღეს, 18 მაისს მომხდარ ინციდენტს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი.

„Როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.

ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა.

სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია,“ — აცხადებს საია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.

საია ასევე მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი