მოქალაქე გიორგი ფოფორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის აქციაზე უმიზეზოდ დააკავეს, შემდეგ კი სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე სცემეს. გარდა ამისა, ფოფორაძის თქმით, წაართვეს მობილური ტელეფონი და სხვა ტექნიკა.
„დამიჭირეს უმიზეზოდ, მხოლოდ აქციაზე დგომის გამო. ბევრჯერ გამიმეორა სპეცრაზმმა — აქ რატომ ხარ, რა პროტესტი მოგინდათო?! ნიღბიანების ჯგუფი — გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის „განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება“. რამდენჯერმე მცემეს უმიზეზოდ და ათასი საშინელებით მემუქრებოდნენ. მიმეორებდნენ, აბა, კიდე მოდი და დადექი აქციაზე ამის შემდეგო!
დააბრუნეს ის ძველი, საშინელი დრო: რამდენიმე სპეცრაზმელი გაკავებს და სხვები გირტყამენ. წამართვეს პირადი ნივთები და განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდათ მობილურზე. მცემდნენ და მაიძულებდნენ კოდის მოხსნას, რაც არ გავაკეთე, მაგრამ მობილური მაინც მომპარეს. მომპარეს, რადგან, როცა პატრული მოვიდა, ვინც ოფიციალურად დამაკავა, ამ პატრულს ჩემი მობილური აღარ მისცეს, არადა ხელში ეჭირა სპეცრაზმელს. სპეცრაზმი კი არა, მაროდიორები არიან. მობილურის გარდა წამართვეს ჩანთა, გახსნეს და დაინაწილეს რაც მედო — ყურსასმენები, ფაურბანკი,“ — წერს ფოფორაძე ფეისბუკზე.
გიორგი ფოფორაძე 13 მაისს, გამთენიისას დააკავეს. რამდენიმე საათით ადრე იქამდე, სანამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს 67-წამიანი განხილვის შემდეგ, მესამე მოსმენით მიიღებდა.
მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა სახალხო დამცველი. ასევე, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყებაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გიორგი ფოფორაძე გამოკითხულია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმის გამოძიების ფარგლებში.
ამავე თემაზე: