ახალი ამბები

კანონის მიღება ვენეციის კომისიის მოსაზრების დალოდების გარეშე იმედგამაცრუებელია – ევროსაბჭოს გენმდივანი

15 მაისი, 2024 •
კანონის მიღება ვენეციის კომისიის მოსაზრების დალოდების გარეშე იმედგამაცრუებელია – ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებით, როცა მათ ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებების იგნორირების გზით, მესამე მოსმენით მიიღეს ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი რუსული კანონი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ ისე, რომ არ დალოდებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებას კანონპროექტის შესახებ, იმედგამაცრუებელია და არ შეესაბამება კონსტრუქციული დიალოგის ხასიათს.

დასანანია, რომ იგნორირება მოახდინეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმული შეშფოთებისა იმის შესახებ, რომ კანონპროექტი არაა თავსებადი ევროპის დემოკრატიულ პრინციპებთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. საპარლამენტო მსჯელობა არ იყო საკმარისი და არ შეესაბამებოდა ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს.

ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას მალე გამოაქვეყნებს. კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციები შექმნის საფუძველს დიალოგისთვის და შესაძლებლობას, რომ ევროპის საბჭოს პრინციპებთან და ღირებულებებთან შესაბამისობაში, გადაიდგას წინ ნაბიჯები.

ძალიან ვარ შეშფოთებული იმ უამრავი ცნობით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისგან მიღებული ანგარიშებით, რომლებიც ასახავს დაშინების მიზნით წარმოებულ კამპანიებს, ფიზიკურ თავდასხმებს, ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, პერსონალური მონაცემების გავრცელებას და სტიგმატიზაციას მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები რომ მოახდინოს პრევენცია მსგავსი ქმედებების, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს; აწარმოოს ადამიანის უფლებათა ყველა სავარაუდო შებღალვის შემთხვევათა შესაბამისი და ეფექტური გამოძიება.

ევროპის საბჭო მტკიცე მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს, სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ განამტკიცოს მისი დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გასაწევრებლად”, – წერია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

ამავე თემაზე:

“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის- 11 სენატორის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი