საზოგადოება

“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

15 მაისი, 2024 •
“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ კანონს კოსმეტიკური შესწორებები ვერ გააკეთილშობილებს, რადგან ის ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია ქვეყნის ევროპულ არჩევანთან.

ამის შესახებ ლანდსბერგისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე თქვა, რომელიც ლატვიის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა.

“ცალსახად მინდა ვთქვა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომ ვეტოს დადება იგეგმება ამ პროექტზე. რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება კანონპროექტისა, მის სახეს ვერ გამოასწორებს, რადგან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან. მას ვერ შეალამაზებთ და ვერ გამოაკეთებთ, რადგან ის ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს”, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

თავისი გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ განვლილ გზაზე, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის მისაღწევად აქამდე გაიარა.

“ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა არაერთი მიღწევა. ამის მტკიცებულება იყო გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღება. არის ასევე რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ევალება საქართველოს. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ამისთვის გაღებული და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება განადგურდეს. საქართველო ეკუთვნის ევროპას. როგორც ეს ზურაბ ჟვანიამ თქვა სტრასბურგში თავისი გამოსვლისას: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.” დიახ, თქვენ ხართ ევროპელები”, – თქვა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისმა აქცენტი გააკეთა იმ ძალადობრივი ქმედებების შესახებაც, რასაც ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიმართავს.

“გამძლეობა აჩვენა ქართველმა ხალხმა, რომელთაც ძალადობისა და პროპაგანდის მიუხედავად, მკაფიოდ გამოხატავენ თავის ევროპულ მისწრაფებებს.

თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ზღუდავენ ამ უფლებებსა და ღირებულებებს და იყენებენ ამას საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად. […] საქართველო იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის მათ არავინ უნდა წაართვას”, – ამბობს ლანდსბერგისი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

ამავე თემაზე:

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის- 11 სენატორის განცხადება

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები

მასალების გადაბეჭდვის წესი