საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა პოლიციამ უსაფუძვლოდ დაიწყო. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას […]
მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ლოკალური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს “კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავი და ძალადობრივი პრაქტიკა”. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებსაც, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.
მოქალაქეთა ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამტიცებდა, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. უწყების ცნობით, ცნობით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები.
დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი.