ახალი ამბები

თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

10 ოქტომბერი, 2015 • • 1669
თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 2- საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას, და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

 

ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის”  ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და  თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება. 

 

“ღია საზოგადოება-საქართველოს” ცნობით, ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.  როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

 

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ქეთი ხუციშვილმა, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორმა  და ნიკოლოზ გამყრელიძემ ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. მისალმების შემდეგ, გამომსვლელებმა ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს. 

 

“ჰოსპისის პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია – შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად გაერთიანდა სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორები. უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური დონორების ჩართულობა – მხატვრების, რომელთაც ნახატები გაიღეს პროექტისთვის, მუსიკოსების, ჟურნალისტების… ადამიანების, რომლებმაც უანგარო წვლილი შეიტანეს პროექტში”, -აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩაჩუამ ღონისძიებაზე.

 

ჰოსპისის მშნეებლობა ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს”ინიციატივითა და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის”,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ინდივიდუალური დონორების ფინანასური მხადაჭერით დაიწყო. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

 

პალიატიური მზრუნველობა მოიცავს დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებასა და ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე ეხება ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.

 

ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.  მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.

 

ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან. „ოცნებების სახლი“, „მსოფლიო რუკა“, „ვარსკვლავებზე ნადირობა“, „ცისარტყელის მიღმა“, „იმედის სახლი“ ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა ჰოსპისები.

 

“ღია საზოგადოება – საქართველოს” ცნობით, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი. მისი მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის- ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი