გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გრანტ შაპსი რუსული ჩარევის მაგალითად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს.
ამის შესახებ შაპსი Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს ადევნებს, ცხადია, რომ ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთის ჩარევა ვნახეთ უკრაინაში, თუმცა, უფრო აგრესიული, რა თქმა უნდა. პუტინს არ შეუძლია, რომ არ ჩაერიოს — ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში იმგვარად, რომ კარგი არ არის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და სამყაროსთვის.
ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და ძალიანაც ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ … პუტინმა აჩვენა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც, რომ იგი არ არის სასიკეთო მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა.
‘Putin cannot help by meddle…we do condemn that influence and we do encourage people to resist that influence from Russia’
Defence Secretary @grantshapps on the protests in Georgia against a proposed law threatening press and civic freedoms.https://t.co/SdRRYJip5C
📺Sky 501 pic.twitter.com/ttYubBIlVJ
— Sky News (@SkyNews) May 14, 2024
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
„მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებას, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საელჩომ საქართველოში.
საელჩოს შეფასებას „უკანონო დაკავებებთან“ დაკავშირებული შემაშფოთებელი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ რომელიმე საელჩომ არ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა უკანონო. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის საელჩო ამ განცხადებას მიუბრუნდება, საკითხში გაერკვევა და „ჩაასწორებს“. საელჩოს განცხადება არ ჩაუსწორებია.