საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღეს, 13 მაისს, პოლიციელების მხრიდან ანტირუსული აქციების მონაწილე აქტივისტებზე ძალადობა ეფექტიანად უნდა იყოს გამოძიებული.
„ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით“ ,— აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიმართავს:
- შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირებაა, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე.
საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
შსს-ს განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.
ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთაც ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს, გამთენიისას კი მომიტინგეთა ახალი ნაკადები შეუერთდნენ, პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევდა, სცემდა და აკავებდა.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.