დილის 09:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონს.
კომიტეტის სხდომა ზუსტად 67 წამს გაგრძელდა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი პოლიციელებმა სპეციალურად შეაყოვნეს პარლამენტის შესასვლელთან, რის გამოც ვერ მოახერხეს კომიტეტის სხდომაზე შესვლა. ხატია დეკანოიძის თქმით, კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონი მე-3 მოსმენით მიიღეს, არალეგიტიმურია.
პარალელურად, პოლიცია გარეთ შეკრებილებს აკავებს და მათ ნაწილს ფიზიკურად უსწორდება, რისი ამსახველი კადრებიც არაერთმა მედიამ გადაიღო.
ხელისუფლებამ რუსული კანონი ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა, სადაც მედია შეზღუდულადაა დაშვებული. უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა აკრძალული აქვს ყველა მედიას, გარდა ტელევიზიებისა. მათთვის ნებადართულია მხოლოდ 2 გადამღები ჯგუფის შეშვება.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ერთ-ერთ კარიდან შენობის შესასვლელისკენ მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებოდნენ, თუმცა შენობის ამ ნაწილს სახანძრო მანქანა ჩამოაფარეს.
კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა დაგეგმილია 14 მაისს. ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გაეგზავნება პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისთვის მას 2-კვირიანი ვადა აქვს.
პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ, მისი მიღების პროცედურა კვლავ პარლამენტში გაგრძელდება — საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი ხმები აქვს. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, საქართველოში რუსული კანონი ამოქმედდება.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.