ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, რუსული კანონის საპროტესტო მაისურის გამო, პოლიციამ სცადა მისთვის საჯარო სივრცეში გადაადგილება შეეზღუდა

9 მაისი, 2024 •
მოქალაქის თქმით, რუსული კანონის საპროტესტო მაისურის გამო, პოლიციამ სცადა მისთვის საჯარო სივრცეში გადაადგილება შეეზღუდა

“სოლიდარობის თემის” წევრი, ნესტან ანანიძე აცხადებს, რომ პოლიციამ სცადა, მისთვის შეეზღუდა რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერიანი მაისურით გადაადგილება საჯარო სივრცეში. უფრო კონკრეტულად, ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიკვიძის პარკში ვარჯიშობდა მაისურით, რომელსაც ეწერა “არა რუსულ კანონს”, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა.

ანანიძის თქმით, მან უარი განაცხადა პოლიციელის უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე, რის შემდეგაც “ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე”.

“დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის, ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება, დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი, რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ-მეთქი. მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.

შემდეგ, ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს, სადაც ხალხი დგას, იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი. მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა, ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო.

ჯადოსნური მაისურია, ისეთი რამეები შეუძლია. #არარუსულკანონს”, –წერს ნესტან ანანიძე სოციალურ ქსელში.

 


8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ შსს-ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ. უწყებაში არაფერი უთქვამთ გუშინ, 8 მაისს, ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი