საზოგადოება

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა

29 აპრილი, 2024 •
იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „რუსული კანონის“ მიღებას.

დღეს, 29 მარტს გამართულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და სამოქალაქო სექტორის არაერთი წარმომადგენელი გააძევეს. გარდა ამისა, სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მათ გაძევებამდე უთიშავდა მიკროფონს და არ აძლევდა საუბრის საშუალებას იმ საბაბით, რომ მათი საუბარი არ ეხებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენისას გათვალისწინებულ წესებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ქართული ოცნება“ არაერთხელ დაადანაშაულეს ცენზურაში. რამდენიმე დეპუტატმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც ოხანაშვილმა სხვა დეპუტატების გაძევება დაიწყო.

დღესვე პარლამენტთან, დაგეგმილია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური აქცია რუსული კანონის მხარდასაჭერად. აღნიშნული ღონისძიებისთვის რეგიონებიდან ათასობით ადამიანი წამოიყვანეს, მათ შორის, პედაგოგები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები და სხვები.


რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 29 აპრილს მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი