ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

18 აპრილი, 2024 • 786
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა სრულიად გაერთიანებული და საკუთარ არჩევანში დარწმუნებული თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და საქართველოს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.

„შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად“, — აცხადებენ ოპოზიციაში.

ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული:

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“ — აღნიშნავენ განცხადების ავტორები, რომელსაც უერთდებიან

  • „ახალი”
  • “გირჩი მეტი-თავისუფლება”
  • “დროა”
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • „ლელო საქართველოსთვის”
  • „სტრატეგია აღმაშენებელი”

17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.

რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი