ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

17 აპრილი, 2024 • 663
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

წინა დღეების მსგავსად, აქციის გამო რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.

როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, წინა დღეებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ შეინიშნებიან. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციასთან დაკავშირებით დღეს არც განცხადება გაუვრცელებია.

თუმცა სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში.


დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებიც, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი