ახალი ამბები

საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! — პრეზიდენტი

15 აპრილი, 2024 • 845
საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! — პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაპოსტა თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციის შესახებ, სადაც ათასობით ადამიანი აპროტესტებს რუსულ კანონს.

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში

„სპეცრაზმელები“ წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება.

მიმდინარეობს დაკავებები.

საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ — წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს. ამის შემდეგ კანონის განხილვა პარლამენტის სესიაზე გაგრძელდება.

პარალელურად დილიდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

პარლამენტთან შეკრებილნი არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული ადამიანები, ოჯახები ბავშვებით. პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პარლამენტთან სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომიდან გააძევეს არაერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავე კითხვების დასმისთვის, გარდა ამისა, მათ უთიშავდნენ მიკროფონს „რუსული კანონის“ ხსენებისთვის.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი