ახალი ამბები

„მზად ვარ გელაპარაკო“ — ჯაფარიძე რუსულ კანონზე დისკუსიის შესახებ კობახიძეს პასუხობს 

13 აპრილი, 2024 •
„მზად ვარ გელაპარაკო“ — ჯაფარიძე რუსულ კანონზე დისკუსიის შესახებ კობახიძეს პასუხობს 

ზურა ჯაფარიძე მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს შეასრულოს გერმანიაში,  დადებული პირობა და რუსულ კანონზე სასაუბროდ დებატში იწვევს.

ჯაფარიძის თქმით მისთვის სულერთია რომელი ტელეკომპანიის ეთერში და წამყვანის თანდასწრებით მოხდება ეს და მზადაა დებატი გერმანულადაც გამართოს მიუხედავად იმისა, რომ ამ ენას არ ფლობს:

„კობახიძეს უთქვამს გუშინ, გერმანი რომ ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერს, გინდა უცხოელს გინდა ქართველს დავუჯდები და დაველაპარაკები არგუმენტირებულადო. გერმანიაში რომ წავიდა იქ ეტყობა „გული მიეცა“. აგერა ვარ, უცხოელი არ ვარ, საქართველოს მოქალაქე ვარ.

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში „იმედი“, „პოსტივი“, „მაესტრო“, საზმაუ — რა გაქვთ კიდევ? სადაც გინდა, შენი წამყვანით, ვინც გინდა ის დაისვი, თუ გინდა გუნდელები დაიმატე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ამ კანონზე, გინდა გამჭვირვალობაზე. ნებისმიერ თემაზე მზად ვარ რომ დაგიჯდე და გელაპარაკო. თუ გინდა გერმანულად, არ ვიცი, მაგრამ Google Translate-ით დაგიჯდები და ეგრე დაგელაპარაკები.

ოღონდ, ხომ შანსი არ არის, შანსი არ გაქვს, ანუ მართლა რომ გინდოდეს მაგის გაკეთება, მაგის უფლებას ხომ არ მოგცემენ ზემოდან. შენ ხარ ის კაცი, ვინც პრემიერად წარდგენის დროს სცენაზე ასვლაზე აიღე ნებართვა. ჰოდა, დავაი აბა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ,“ — ამბობს ზურა ჯაფარიძე.

12 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად მიიღოს მონაწილეობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ დისკუსიაში.

„ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი. კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს. კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს — ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრარგუმენტების არარსებობის შემთხვევაში კანონი „ბოლომდე იქნება მიღებული“.

„დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება…

ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, — იქნებიან ესენი დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, — პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე. ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ“, — განაცხადა კობახიძემ.

“ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის, თუნდაც ღია დისკუსიისთვის. ნებისმიერი: უცხოელი ქართველი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების თვალწინ, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში”, – აცხადებს კობახიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი