ახალი ამბები

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია 15 აპრილს საღამოსაც დაანონსდა

13 აპრილი, 2024 • 971
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია 15 აპრილს საღამოსაც დაანონსდა

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 15 აპრილს საღამოს 19:00 საათზეც დაანონსდა. მანამდე აქცია იგეგმება ამავე დღეს დილის 10:00 საათზეც.

15 აპრილი ის დღეა, როცა პარლამენტში ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა მოხდეს. სწორედ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად 10:00 საათზე გეგმავენ მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბონ და კანონპროექტი გააპროტესტონ.

19:00 საათზე კი აქცია უკვე უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი:

„რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის“ — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.

შარშან, 7-9 მარტის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლეოსობამ კანონპროექტი, რომელიც თავადვე დააინიციირა და პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენისას ჩააგდო. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ.

2 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსული კანონი ხელახლა, ამჯერად შეცვლილი სახელწოდებით დაინიციირდებოდა. “უცხოეთის აგენტების” ნაცვლად, ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო გრანტებით მიღებული თანხაა, ამჯერად “უცხოეთის გავლენის გამტარები” დაერქმევათ.

რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი