ახალი ამბები

სახალხო კრება ფილარმონიაში

29 სექტემბერი, 2010 • • 1469
სახალხო კრება ფილარმონიაში

,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ მხარდამჭერეთა შეკრებაზე ფილარმონიაში სამი პოლიტიკური პარტია მივიდა– ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო’’, ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის’’ და ,,თეთრები”, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეკრებაზე სიტყვით არ გამოსულა.

გოგი ქავთარაძის თქმით, თავდაპირველად კრებას პარტიები– ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო’’, ,,ეროვნული ფორუმი’’, ,,დაიცავი საქართველო’’ – შეუერთდნენ, თუმცა  პარტიებმა ,,ფორუმი’’ და  ,,დაიცავი საქართველო’’ შემდგომში თავი შეიკავეს აქტიური თანადგომისაგან. ქავთარაძის განმარტებით,  პროცესში თავიდანვე აქტიურად ნინო ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა’’ ჩაერთო. ,,ლეიბორისტებმა’’ კი სოლიდარობა კრებას წერილით გამოუცხადეს, რომელიც ქავთარაძემ ფილარმონიაში წაიკითხა.

ნინო ბურჯანაძემ საკუთრი მოსაზრება ჟურნალისტებთან შეკრების დასრულების შემდეგ გამოთქვა:

,,დღეს არც ერთი პოლიტიკური გამოსვლა არ ყოფილა, ჩვენ მოვისმინეთ რიგითი ქართველების გულისტკივილი ყველა მიმართულებით, როგორი პრობლემებია ქვეყანაში და რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება. მე მწამს, რომ ყველა ის ადამინი, ვისაც აწუხებს ის პრობლემები, რაც აქ დაისვა, ვისაც უნდა, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს თავისუფალი, ღირსეული, ერთიანი და მართლა დამოუკიდებელი, აუცილებლად დადგება საკუთარი ხალხის გვერდით. ჩვენი სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს ყველა პარტია, ვისთვისაც ეს პრონციპი არის ამოსავალი და ჩვენ ყველამ უნდა გავაერთინოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მე ვიცი, რომ ამას მივაღწევთ, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია’’.

კრებაზე ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ დეკლარაცია მსახიობმა გია ბურჯანაძემ წაიკითხა. დეკლარაციაში წერია, რომ სახალხო კრება იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. წარმომადგენლობითი კრების მიზანია, ხალხის ნების შემთხვევაში,სააკაშვილის რეჟიმის დამღუპველ ქმედებათა აღსაკვეთად, მოახდინოს საზოგადოების ძალისხმევის ლეგიტიმაცია.

,,სახალხო წარმომადგენლობითი კრება გამოიყენებს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ქმედით ფორმას, რომელიც საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს მოემსახურება და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიაღწევს. ამ მიზნით, აუცილებელია არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, არამედ პრეზიდენტის გადადგომა და არსებული რეჟიმის დემონტაჟი’’.

,,სახალხო წარმომადგენლობითი კრება’’ ფიქრობს, რომ აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მედიისა და ბიზნესის  განთავისუფლება რეჟიმის ზეწოლისაგან, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა.

ფილარმონიაში ორი ვიდეო უჩვენეს. პირველი ვიდეო, როგორც ქავთარაძემ თქვა,  2008 წლის აგვისტოს ომის საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი კადრებითაა აწყობილი. ხოლო მეორე ვიდეოში ზაზა კორინთელის სიმღერაზე ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი’’ გადაღებული ვიდეორგოლია გადამონტაჟებული. ვიდეორგოლში, ქართველი მომღერლების კადრების მაგივრად, დევნილთა გამოსვლების, გამოსახლების, საპროტესტო აქციების კადრებია ჩასმული. ორივე ვიდეოს შეკრებილი საზოგადოება სტვენით, შეძახილებითა და, ზოგ შემთხვევაში, სიცილით შეხვდა.

რა თაინხა დაიხარჯა დღევანდელი შეკრებისათვის, ამის გამხელა ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა არ ისურვა, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს კრების ფონდი, რომელშიც თანხა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიტანოს.

,,ჯერჯერობით ჩვენ ძალიან მწირი ფინანსები გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ რაღაც გარკვეული შემოწირულობები იქნება. თუ ცოტა უფრო მეტსაც ვინმე მოგვცემს, მათ სახელს არ დავასახელებთ. ბიზნესი ისედაც ტერორის ქვეშ არის. ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ  ჩუმად მაინცგამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას გაიღებენ. სახელებს არ დავასახელებთ, მაგრამ ამისათვის იარსებებს ფონდი’’, – ამბობს გაფრინდაშვილი.

შეკრებაზე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი  იყო მიწვეული, თუმცა მათი უმრავლესობა არ მივიდა. მიუხედავად ამისა, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუერთდნენ ,,სახალხო წარმომადგენლობით კრებას’’.

,,პოლიტიკოსობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გიყვარდეს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მომავალი თაობებისათვის. თუ ჩვენ არ გავუშვით ეს ხელისუფლება,  საქართველოსგანაღარაფერი დარჩება.  ამას ხომ უზარმაზარი ენერგია, ადამიანური რესურსი სჭირდება. ამიტომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მართლა გააჩნიათ სურვილი ამ ხელისუფლების მოცილებისა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ’’  

,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ მხარდამჭერები, როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მხარდამჭერები როგორც ფილარმონიის საკონცერტო დარმაზში, ასევე დარბაზის ჰოლში ისხდნენ.

კრების მომავალი მოწვევა 2010 წლის 25 ნოემბერსაა დაგემილი. მანამდე კი საქართველოს რეგიონებში ჩამოყალიბდება საინიციატივო კომიტეტები.პროცესში ჩართვის მიზნით, გაიმართება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, მოხდება კრების მომხრეთა მობილიზაციის, რეგისტრაციის ხელშეწყობა. 14 ოქტომბერს რეგიონალური შეკრება  ბათუმში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი