ახალი ამბები

„არ ვეთანხმები ვასო ჩიგოგიძეს — წინ ევროპისკენ!“ — ოზურგეთის თეატრის მსახიობი

11 აპრილი, 2024 • 977
„არ ვეთანხმები ვასო ჩიგოგიძეს — წინ ევროპისკენ!“ — ოზურგეთის თეატრის მსახიობი

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე გაემიჯნა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის განცხადებას. ჩიგოგიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ წარმომადგენლები.  მან თქვა, რომ  მხარს უჭერს კანონს, რომლის მიზანი სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციაა.

„მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბატონმა ვასო ჩიგოგიძემ [თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა] გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი, არ ვეთანხმები ბატონ ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ, საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს, იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი!

თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლიტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ✊🏻წინ ევროპისკენ 🇪🇺🇬🇪🇬🇪🇬🇪“, — ასე გამოეხმაურა ოზურგეთის თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის გუშინდელ განცხადებას.

გუშინ ვასო ჩიგოგიძე თავის ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა „ახალი თეატრის” სცენაზე დავით ბეშიტაიშვილის გამოსვლას „რუსული კანონის” წინააღმდეგ:

„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ“, — დაწერა ჩიგოგიძემ.

დღეს „ტვ პირველთან” ვასო ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ ოზურგეთის თეატრის სცენაზე ვინმემ იმის მსგავსი რამ მოინდომოს, რაც „ახალი თეატრის” სცენაზე მოხდა, ყურში წაავლებს ხელს და სცენიდან გამოათრევს:

„ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში [კანონში] არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ: ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის, მადლობა გადავუხადო“, — თქვა ჩიგოგიძემ და დასძინა, რომ მსგავსი მადლობა გადახდილი აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი