ახალი ამბები

გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე: არ შეესაბამება პრაქტიკას, რაც გვაქვს ევროკავშირში

11 აპრილი, 2024 • 656
გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე: არ შეესაბამება პრაქტიკას, რაც გვაქვს ევროკავშირში

დღეს, 11 აპრილს,  გერმანიის ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა სამოქალაქო სექტორისა და მედიის შემზღუდავი რუსული კანონის შესახებ. ელჩის კომენტარის თარგმანს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

„გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები“, — განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის. ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 11 აპრილს გაემგზავრა.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი