ახალი ამბები

NGO-ები კობახიძეს, პაპუაშვილს და მთავრობაში სამოქალაქო სექტორიდან მისულ სხვა ლიდერებს მიმართავენ

7 აპრილი, 2024 • 965
NGO-ები კობახიძეს, პაპუაშვილს და მთავრობაში სამოქალაქო სექტორიდან მისულ სხვა ლიდერებს მიმართავენ

“მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს მიმართავენ, რომლებიც წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ფონდებსა თუ ორგანიზაციებში, ახლა კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული “რუსული კანონის” ინიციატორები არიან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:

  • ირაკლი კობახიძე – 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;
  • შალვა პაპუაშვილი – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;
  • გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;
  • რატი იონათამიშვილი – 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;
  • ნიკოლოზ სამხარაძე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;
  • არჩილ თალაკვაძე – 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“;
  • მაია ბითაძე – 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში

მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე.

დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
პლატფორმა სალამ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს ევროპული ორბიტა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი
Tbilisi Pride
ქართულ-ევროპული ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი