ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

EU სომხეთს 270 მლნ ევროს გამოუყოფს

5 აპრილი, 2024 • 1192
EU სომხეთს 270 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 270 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

დღეს ბრიუსელმა და ვაშინგტონმა ერევანთან კავშირების გაღრმავებაზე განაცხადეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

„ჩვენ ვასრულებთ გასულ ოქტომბერს გაცემულ დაპირებას, რომ მხარი დავუჭიროთ სომხეთს და ამავდროულად, დავსახოთ ჩვენი პარტნიორობის მომავლის ხედვა. ეს არის ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ეს ხედვა გამყარებული იქნება სომხეთის მედეგობისა და განვითარების გეგმით, რაც ითვალისწინებს 270 მილიონი ევროს გრანტებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გაძლიერებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესს, თქვენს ნიჭს, განსაკუთრებით თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დავეხმაროთ მათ განვითარებაში, ინოვაციაში და ახალ ბაზრებზე წვდომაში. და ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციას ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ინფრასტრუქტურული პროექტის მაგალითად შავი ზღვის ელექტროკაბელი დაასახელა.

„პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს. ახალ ზომებს მივიღებთ საავიაციო და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის“, — დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, პაკეტის ფარგლებში უკვე მოხდა ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიციის მობილიზება სომხეთისთვის. ასევე, შეიქმნა საინვესტიციო კოორდინაციის პლატფორმა, რათა ერთობლივად გამოავლინონ ახალი პროექტები.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა სომხეთის ძალისხმევა დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ.

„მოდით, წინ წავიწიოთ ახალი და ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგით ევროკავშირსა და სომხეთს შორის. ეს არის ის, რაზეც ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ“, — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ წელს აშშ ზრდის თავის ეკონომიკურ მხარდაჭერას ერევნისთვის 65 მილიონ დოლარამდე.

„შესანიშნავი კონსულტაციები მქონდა აშშ-თან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე სომხეთის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და დემოკრატიული მედეგობის გასაძლიერებლად“, — დაწერა ფაშინიანმა X-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი