ახალი ამბები

“როგორც ჩანს, ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან” – ლომჯარია “ოცნებაზე”

3 აპრილი, 2024 •
“როგორც ჩანს, ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან” – ლომჯარია “ოცნებაზე”

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, უკან გაწვევიდან ერთი წლისთავზე კვლავ დააბრუნოს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას” უწოდებს და ფინანსური დეკლარაციების შევსებას დაავალდებულებს.

“რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”?

ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოჰყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.

არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით”, – წერს ნინო ლომჯარია.

3 აპრილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს.

მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული. მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ .

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი