ახალი ამბები

ცოლზე მუქარის ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

2 აპრილი, 2024 • 527
ცოლზე მუქარის ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებიან.

საგამოძიებოს განცხადებით, 2024 წლის 23 თებერვალს, აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, ბრალდებული საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუვიდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საგამოძიებო უწყების თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას:

„მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. ბრალი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი