ახალი ამბები

“დატოვონ სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნებში” – ღარიბაშვილი ვეტინგის მომხრე მოსამართლეებზე

31 მარტი, 2024 • 1591
“დატოვონ სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნებში” – ღარიბაშვილი ვეტინგის მომხრე მოსამართლეებზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 31 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] კამპანიას შეეხო და აღნიშნა, რომ მომხრე მოსამართლეებს შეუძლიათ სასამართლო დატოვონ და უცხო ქვეყნებში წავიდნენ სამუშაოდ.

“ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მომართონ გარედან უცხო ქვეყნებმა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მით უმეტეს ზოგიერთი აგენტის ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. პატივი უნდა ვცეთ მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები. […] ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების მიერ იმ მოსამართლეების ხსენების პასუხად, რომელნიც ვეტინგს ემხრობიან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ ქართულ სასამართლოში მუშაობა არ უნდათ.

“თუ მათ არ უნდათ ჩვენს სასამართლოში მუშაობა, კეთილი ინებონ, დატოვონ სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნების სასამართლოში და ორგანიზაციებში”, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ამავე დღეს, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვეტინგის შესახებ კამპანია საბჭოური სტილია.

ამავე თემაზე:

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

რატომ არ დაუჭირა მხარი “ვეტინგზე” უზენაესის განცხადებას ორმა მოსამართლემ – არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი