ე.წ. კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.
„მედუზა“ რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ 71 წლის შაქრო კალაშოვი კრასნოდარის ოლქში მდებარე ერთ-ერთი კოლონიიდან სატვირთო მანქანით გამოიყვანეს და დაბურულშუშებიან მანქანაში გადასვეს.
ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით კრასნოდარის სასამართლოს შაქრო კალაშოვმა მიმართა და მისი მოთხოვნა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილეს.
შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნდა.
შაქრო კალაშოვი მოსკოვში 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი და მისი 10 თანამზრახველი ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. შაქრო კალაშოვს სასამართლომ 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.
კალაშოვს საქართველოში დაუსწრებლად, მკვლელობის ბრალდებით, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.