შაქრო კალაშოვს 11 თანამზრახველთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს

“კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი და მისი 10 თანამზრახველი მოსკოვის სასამართლომ ფულის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.

Interfax.ru  იუწყება, რომ შაქრო კალაშოვს სასამართლომ 9 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯას ითხოვდა.

კალაშოვის ადვოკატმა თენგის პაპასქუამ ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან იგი “არაკანონიერი და დაუსაბუთებელია”.

РИА Новости–ის ცნობით, დააკავეს კალაშოვის მარჯვენა ხელი ანდრეი კოჩიუკოვი (მეტსახელად “იტალიელი”,
და მასაც ფულის გამოძალვის ბრალდებით 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კალაშოვთან ერთად ასევე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც სასჯელად 7 წლითა და 4 თვიდან 9 წლითა და 4 თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. მათ შორისაა კალაშოვის პირადი დაცვის წევრი ბატირ ბექმურადოვი. მედიის ცნობით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

კალაშოვსა და მისი დაჯგუფების წევრებს (სულ 14 ადამიანს) გამოძიება ბრალად ფულის გამოძალვის 2 მცდელობას ედავებოდა და ორივე შემთხვევაში სასამართლომ ისინი დამნაშავედ მიიჩნია. ამ 14 ადამიანიდან 2 დაღუპულია – ისინი სასიკვდილოდ დაიჭრნენ, დარჩენილი 11 პიროვნება, მათ შორის შაქრო კალაშოვი და კოჩიუკოვი, 2016 წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

გამოძიების მიხედვით, ერთ ეპიზოდში კალაშოვის გუნდი რესტორან ელემენტების დირექტორს, ჟან კიმს სძალავდა ფულს, მეორე ეპიზოდის მიხედვით, დაზარალებულია მეწარმე ლევ გარამოვი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com