ახალი ამბები

საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა – კუროპტევი

29 მარტი, 2024 • 704
საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა – კუროპტევი

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი იგორ მიგლანი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობდა.

ამის შესახებ კუროპტევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იგორ მიგლანი, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს საქართველოში და 24 საათის შემდეგ თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

მისივე თქმით, იგორ მიგლანი თბილისის აეროპორტში 24 საათის განმავლობაში კომუნიკაციის გარეშე იმყოფებოდა.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იგორი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა პროექტზე „ემიგრაცია მოქმედებისთვის“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორის და პროექტის გუნდის წყალობით უკრაინიდან 8 ათასზე მეტმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ემუქრება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? – დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იამაყოს“, – წერს კუროპტევი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდის.

თუმცა საქართველოს საზღვრებზე ხშირად არ უშვებენ ოპოზიციონერ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს – მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგება. უმეტესობას საზღვარზე არ უხსნიან მიზეზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი