ახალი ამბები

ოჯახი თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს

29 მარტი, 2024 • 506
ოჯახი თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს

შალვა თათუხაშვილის ოჯახი ყოფილი მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გენერალურ პროკურატურაში დღეს, 29 მარტს შეიტანეს.

გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ გარდაცვლილის მამას, გოგი თათუხაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რათა წვდომა ჰქონდეს საქმის მასალებზე.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ საქართველოს პროკურატურამ გააუქმოს მოთხოვნა გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს უწყებრივი პრესტიჟს საქმეც არის, რომ ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა პროკურატურის სპეციალური დაცვის ღონისძიების ქვეშ, უბრალოდ გარდაიცვალა ძილში, როგორც თვითონ ამბობდნენ.

მეორე – მიეცეს მის ოჯახის წევრს, გოგი თათუხაშვილს უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მას აძლევს ერთადერთ ხელშესახებ უფლებას – გაეცნოს საქმის მასალებს სრულად და ეს არ იყოს დამოკიდებული პროკურატურის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ან ათ საიტზე საჯაროდ გავრცელებული განცხადებებზე”, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძიების განახლების საფუძველი ახალი ფაქტობრივი გარემოებებია, რომელიც უახლესი ექსპერტიზის დასკვნაში გამოიკვეთა.

თუთბერიძის ინფორმაციით, ექსპერტმა გალინა კარმუშიკამ შეისწავლა უკვე არსებული მასალები, მათ შორის, გამოძიების მიერ მოპოვებული და საჯაროდ გავრცელებული მასალები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ თავის დროზე – 2014 წელს მიღებულ დასკვნა, გვამის დათვალიერების ოქმი, დამოუკიდებელი სასამართლო საექსპერტო ბიურო “ვექტორის” მიერ 2014 წელს მოპოვებული მასალები და დასკვნა.

მასალების განმეორებით შესწავლის შემდეგ, ექსპერტმა დაადგინა, რომ 2014 წელს, სამხარაულის ბიუროს მიერ დაწერილ დასკვნაში არასრულადაა მოცემული შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების გარემოებები. თუთბერიძის თქმით, ახალი დასკვნის მიხედვით, “საქმე გვაქვს არა უბრალოდ გარდაცვალებასთან, არამედ, შესაძლო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან და შესაძლო მკვლელობასთანაც კი”.

ძველი მასალების განმეორებითი შესწავლა გალინა კარმუშინამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 21 მარტს დაასრულა. დასკვნა ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადებასთან ერთად ჩააბარეს.

“ეს კვლევა ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მთავარ ხაზს იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვალება გამოიწვია ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ, იმიტომ, რომ თავად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფაქტი დგება ეჭვის ქვეშ. პრაქტიკულად, ნათქვამია, რომ შეუძლებელია ეს ამ ფორმით მომხდარიყო.

ამასთან,დადგენილია, რომ გარდაცვლილის სხეულში იყო ე.წ. გამაბრუებელი პრეპარატები, რომლებსაც, ექსპერტის აზრით, ხშირად იყენებენ დაკითხვისას სასურველი ჩვენების მიღების მიზნით”, – განაცხადა თუთბერიძემ.

შალვა თათუხაშვილი 2014 წელს მარტში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი გარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რაც თავის მხრივ, ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია. თუმცა, ოჯახი ამბობდა, რომ ის პროკურატურაში აწამეს და “თავიდან მოიშორეს”. აღსანიშნავია, რომ თათუხაშვილის ორგანიზმში გაურკვეველი ნივთიერებების შეყვანაზე მისი ოჯახი ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა.

შალვა თათუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში (კუდ), სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წელის თებერვალში ის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს. პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ თათუხაშვილმა ჩვენება მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა და მოწმის დაცვის ღონისძიება მოითხოვა, რადგან ახალაიების ოჯახისგან საფრთხეს გრძნობდა.

მაღალჩინოსნის ოჯახი კი აცხადებდა, რომ თათუხაშვილს პროკურატურაში ჩვენება იძულებით მიაცემინეს, შემდეგ კი “თავიდან მოიშორეს”, რადგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ სასამართლოზე ის ჩვენებას შეცვლიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი