ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 • 809
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დღეს, 25 მარტს, ერევანში შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის სახელით ბატონ პრემიერ-მინისტრს დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მხრიდან. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება“ ,— განაცხადა კობახიძემ.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

„ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისებრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ“, — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში დადებითი წვლილი შეიტანოს.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით“ ,— აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიკურად ვითარდება.

ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერი „თავისი სერიოზული დამოკიდებულებით წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაღრმავებაში სომხეთსა და საქართველოს შორის.“

„6 იანვრის შემდეგ, როდესაც მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ახლა მაქვს საშუალება განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ორივე ქვეყნის“ ,— განაცხადა სომხეთის პრემიერმა ბრიფინგზე.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ძალიან მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე და აღნიშნა, რომ სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააკეთოს ყველაფერი, რაც მშვიდობის მისღწევად იქნება საჭირო.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე 3 პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმა ათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ ალმა ათის დეკლარაციის საფუძველზე, ორივე ქვეყანას  შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების დალაგება.

საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას“, — განაცხადა ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბრიფინგის დასასრულს ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნების გაძლიერება, რისთვისაც აუცილებელია თანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი