ახალი ამბები

საქართველომ ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა — NGO-ები

27 ივნისი, 2023 • 1626
საქართველომ ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა — NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე.

ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დასთანხმდა, განსხვავებით უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.

OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მონიტორინგის მე-5 რაუნდის ფარგლებში, 2023 წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:

  • ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
  • სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება;
  • მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.

სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია, არ აქვს.

„საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN).

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობას იმის გასარკვევად, თქვა თუ არა უარი მონიტორინგზე და რა მიზეზით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი