რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართა.
“მედუზას” ინფორმაციით, პუტინმა ხმების რეკორდული რაოდენობა, 87% მიიღო.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი).
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.