ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი რუსეთთან შეერთებაზე

18 მარტი, 2024 • 1624
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი რუსეთთან შეერთებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა “RIA-სთან” განაცხადა, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით, განიხილება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი.

“ჩვენ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით” ,— განაცხადა მან.

ალბოროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ.

“როდესაც ჩვენ და რუსეთი ერთობლივად მივალთ ამ იდეამდე (შეერთების შესახებ), ჩვენ ამას გავაკეთებთ” ,— განაცხადა ალან ალბოროვმა.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალში ამ თემაზე დაიწყეს საუბარი. 2023 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისთვის გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთი მალე შეერთებოდა რუსეთს.

2022 წლის ივლისში დაანონსებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა რუსეთთან შეერთების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის და მისი წინა ხელმძღვანელის, ანატოლი ბიბილოვის განწყობისა,  “ამჟამად მოსკოვი აღნიშნულ საკითხზე რაიმე სამუშაოებს არ ატარებს”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი