ახალი ამბები

ნონა წოწორიას თანახმად, მოსამართლე თევზაძემ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა

17 მარტი, 2024 • 1322
ნონა წოწორიას თანახმად, მოსამართლე თევზაძემ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უარყოფს ქართველი მოსამართლის, ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების (ე.წ. ვეტინგი) შემოწმების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავეს.

როგორც ნონა წოწორია აცხადებს, პირიქით, მან იმ გენპროკურორის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ზემოხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დააკავა

“ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას უნდა გამოვეხმაურო. უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის/ მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავა.
რაღაც ისეთი მაინც მოიტყუონ, ადვილად რომ არ იძებნებოდეს”, – აცხადებს ნონა წოწორია.

ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრია და  მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფში, რომელსაც კრიტიკოსები “კლანად” მოიხსენიებენ. თავად ეს მოსამართლეები კლანის არსებობას უარყოფენ. ამ ჯგუფის ლიდერებად მოაზრებული ადამიანები გასულ წელს სასამართლომ დაასანქცირა.

ლევან თევზაძემ წოწორიაზე კომენტარი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ფეიბუკ-პოსტზე დატოვა, სადაც ეს უკანასკნელიც აკრიტიკებდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმების მექანიზმს.

“ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს”, – დაწერა მოსამართლე თევზაძემ.


„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა, იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო ორგანიზაციები. ხუთმა მათგანმა განცხადება 13 მარტსაც გაავრცელა და უზენაესი სასამართლოს პოზიციასაც გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

„მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.  ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის მიერ დასანქცირდა.

კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული“, — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ავტორები არ ეთანხმებიან უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებული წერილის შინაარსსაც, სადაც ნათქვამია, რომ  ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა:

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი